სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა მდგრადი განვითარებისთვის
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა 2021-2022 წლის პერიოდში ესტონურ ორგანიზაციასთან "Jaan Tõnnissoni Instituut" თანამშრომლობით განახორციელა პროექტი "სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა მდგრადი განვითარებისთვის", რომლის ფინანსური მხარდამჭერია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს "განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამა".
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და საგანმანათლებლო პროცესში მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვა. ოლიმპიადა მოიცავდა სამ ძირითად ნაწილს.
პირველ ეტაპზე საკითხავი მასალის დამუშავების შემდეგ, მოსწავლეთა გუნდების წარმომადგენლებმა ინდივიდუალურად იასპარეზეს ციფრულად გამართულ ოლიმპიადაში, სადაც პასუხი უნდა გაეცათ ცოდნისა და ლოგიკური მსჯელობის დამადასტურებელ კითხვებზე. აღნიშნული პრინციპით გამოვლინდა უმაღლესი რეიტინგის მქონე 400-მდე გუნდი საქართველოს ათი რეგიონოდან.
მეორე ეტაპზე მოსწავლეთა გუნდებს დაევალათ წარმოედგინათ მდგრადი განვითარების მე-16 მიზანთან დაკავშირებული პოსტერები, სადაც უნდა ეჩვენებინათ შემოქმედებითი მიდგომა და პრობლემის გადაჭრის მათი ხედვა. პოსტერების კონკურსისთვის შექმნილი ჟიურის დახმარებით მოხერხდა იმ გუნდების გამოვლენა, რომლებმაც წარმატებით გაართვეს თავი დავალებას.
ოლიმპიადის მესამე ტური კი მოიცავდა მოსწავლეების მიერ შერჩეულ მდგრადი განვითარების მიზანთან დაკავშირებული ინიციატივების განხორციელებას. მესამე ტური ყველაზე მეტად შემოქმედებითი და შედეგიანი აღმოჩნდა, ვინაიდან არაერთი სასარგებლო და საინტერესო ინიციატივა გამოიჩინეს და განახორციელეს ახალგაზრდებმა. მრავალფეროვანი იყო მათ მიერ შერჩეული მიზნები და აქტივობებიც, რამაც, გვჯერა, რომ დადებითი გავლენა მოახდინა საზოგადოების სხვა წევრებზეც.
განხორციელებული ინიციატივებიდან პროექტის პარტნიორებთან ერთად შეირჩა საუკეთესო ინიციატივის მქონე თითო გუნდი საქართველოს ყველა რეგიონიდან. გამარჯვებული გუნდის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მდგრადი განვითარების საზაფხულო ბანაკში, რომელიც გაიმართა 15-20 ივლისს დაბა ბაკურიანში. გამარჯვებული გუნდების მასწავლებლები კი სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ესტონეთში ივნისის თვეში.
პროექტის მასშტაბებიდან და მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე, დარწმუნებულები ვართ, რომ ოლიმპიადამ დიდი გავლენა მოახდინა მოსწავლეების მოტივაციას, დაინტერესების დონეზე და რაც მთავარია, მდგრადი განვითარების პრინციპების შესახებ არსებულ ცოდნაზე. მოსწავლეთა გუნდები განაგრძობენ საკუთარი ინიციატივების განხორციელებას, რომელსაც სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი აუცილებლად გაგიზაირებთ სამომავლოდ.