პროგრამა "მომავლის თაობა"
2018 წლიდან სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" ახალ 230 სკოლას გაუწევს დახმარებას. "მომავლის თაობა" ხელს უწყობს სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლებას სკოლებში და მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების აღზრდას.
პარტნიორ სკოლებში პედაგოგების ხელშეწყობით მოსწავლეები განახორციელებენ არაერთ საზოგადოებისა თუ სკოლისთვის სასარგებლო ინიციატივას. ასეთი საქმიანობით ხელი შეეწყობა მოსწავლეებში კარგი მოქალაქისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამა ხორციელდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
პროგრამის ძირითადი საქმიანობა
სასწავლო რესურსები: პროგრამის პარტნიორ სკოლებს, მათ შორის, სომხური და აზებაიჯანული სექტორის სკოლებსაც უსასყიდლოდ გადაეცემათ დამხმარე სახელმძღვანელოები: "როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე"; თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლისათვის"; "მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში"; "თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მედიასთან". სკოლები ასევე მიიღებენ სასწავლო მასალებს, რომლებშიც დეტალურად არის გაწერილი სასკოლო სამოქალაქო კლუბებისა და სამოქალაქო განათლების საკლასო პროექტების განხორციელების ეტაპები.
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადება: სამოქალაქო განათლების პედაგოგები პროგრამის პარტნიორი სკოლებიდან გაივლიან ტრენინგ კურსს "დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება". პედაგოგები ასევე გაივლიან ტრენინგს პროგრამის "მომავლის თაობა" სასწავლო რესურსების სასწავლო პროცესში გამოყენების შესახებ.
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიული შესაძლებლობების ხელშეწყობა: სამოქალაქო განათლების პედაგოგების პროფესიული განვითარების მიზნით ყოველწლიურად გაიმართება მრგვალი მაგიდები, ღია გაკვეთილები და პროფესიული გაზიარების ჯგუფის შეხვედრები. სამოქალაქო განათლების წლიურ კონფერენცია-გამოფენაზე დაჯილდოვდებიან სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგები რეგიონების მიხედვით; გაძლიერდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, როგორც პედაგოგთა პროფესიული ორგანიზაცია.
მხარდაჭერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს:
პროგრამა დახმარებას გაუწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით.
მოსწავლეების მიერ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა: პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები საქართველოს 10 რეგიონში ხელს შეუწყობენ სასკოლო სამოქალაქო კლუბების შექმნასა და განვითარებას, მოსწავლეთა მიერ კლუბებში ან საკლასო პროექტების მეშვეობით ისეთი ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც მათი სკოლისა და საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად.
საკლუბო პროექტები შესაძლებელია განხორციელდეს ისეთ თემებზე, როგორიც არის თანატოლთა შორის ძალადობის შემცირება, ადამიანის უფლებების დაცვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, მოსწავლეთა უსაფრთხოებისათვის სკოლის მიმდებარედ ავტომობილის სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერების დამონტაჟება და მრავალი სხვა. პროექტების თემებს თავად მოსწავლეები შეარჩევენ საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე. საკლუბო პროექტები მასწავლებლის პროფესიული განვითრებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში შეესაბამება სოციალურ პროექტებს.
საკლასო პროექტები შესაძლებელია იყოს როგორც როგორც სოციალური, ასევე სასწავლო.
სოციალური პროექტი ითვალისწინებს საჭიროებას/ პრობლემას, რომელიც რეალურად დგას ადამიანის, კლასის, ჯგუფისა თუ თემის წინაშე და პროექტის მიზანი შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს.
სასწავლო პროექტის განხორციელების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ინტერესი/საჭიროება/პრობლემა, რომელიც წარმოიშვა კონკრეტულ კლასში კონკრეტული თემის/საკითხის შესაწავლისას და პროექტის მიზანი შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას.
სხვადასხვა კონკურსების ფარგლებში დაჯილდოვდებიან სამოქალაქო განათლების სწავლების მხრივ წარმატებული სკოლები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები.
მცირე გრანტები სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით: მცირე გრანტების ინტერნეტ გვერდის www.initiatives.ge მეშვეობით მოსწავლეებს და პედაგოგებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, რომელიც 450 აშშ დოლარის ფარგლებში დააფინანსებს სკოლისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტებს. დაფინანსების ერთ-ერთი წინაპირობაა მოსწავლეების მიერ ადგილობრივ თვითმმართველობებთან, მედია საშუალებებთან, სხვადასხვა კერძო კომპანიებთან, სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ასეთი პროექტები შეიძლება მოიცავდეს მოსწავლეების მონაწილეობით სკოლის ბიბლიოთეკის განახლებას და სკოლის სპორტული დარბაზის ან მოედნის გაუმჯობესებას, შეზღუდული შესაძლებლობების თანატოლებისთვის სკოლაში პანდუსის მოწყობას, მოსწავლეთა მიერ ნაადრევი ქორწინების უარყოფითი შედეგების კვლევას, მეწყერსაშიში ზონის გამწვანებას სოფელში, ინიციატივებს გარემოს დასაცავად და მრავალ სხვა თემას, მოსწავლეთა ინტერესის შესაბამისად. გარდა მცირე საგრანტო კონკურსებისა, პროგრამის ფარგლებში, სასწავლო თუ სოციალური პროექტების ეფექტურად განხორციელების მიზნით პედაგოგს საშუალება ექნება მოითხოვოს და მიიღოს საკანცელარიო მასალა: თაბახის ფურცლები, მარკერები, ფერადი ფურცლები, ფლირჩარტები (დიდი ფორმატის ქაღალდი) და სხვა რესურსები პროექტების განხორციელებისათვის. აღნიშნული რესურსების სკოლებისათვის მიწოდებას უზრუნველყოფენ პროგრამის რეგიონული პარტნიორი ორგანიზაციები.
სამოქალაქო განათლების ინტერნეტ პორტალი: www.civics.ge ინტერნეტ პორტალია, სადაც განთავსებულია ელექტრონული რესურსები და მრავალფეროვანი ინფორმაცია პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციის, მოსწავლეებისა და მშობლებისათვის სამოქალაქო განათლების შესახებ. ინტერნეტ პორტალზე შუქდება სამოქალაქო განათლებისა და ზოგადად, პროგრამის ფარგლებში არსებული სიახლეები. პორტალი ხელს უწყობს ახალგაზრდებს შორის ინფორმაციის გაზიარებასა და სამოქალაქო ინიციატივებში მათი ჩართულობის გაზრდას.