სტაჟირების შესაძლებლობა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმში
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი დაინტერესებულ ახალგაზრდებს სთავაზობს სტაჟირების შესაძლებლობას.
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი წარმოადგენს მასწავლებელთა პროფესიულ ასოციაციას, რომელიც მუშაობს 1000-ზე მეტ პედაგოგთან საქართველოს მასშტაბით და ამ გზით, ხელს უწყობს მასწავლებლების გაძლიერებას და მხარდაჭერას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში. ფორუმი ამ მიზნით ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტს და არაერთი საერთაშორისო დონორის მხარდაჭერით პედაგოგებსა და მოსწავლეებს სთავაზობს ჩართულობას მრავალფეროვან აქტივობებში.
ფორუმი ამ ეტაპზე აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას დაინტერესებული პირებისთვის. თუმცა, სამომავლოდ განიხილება დასაქმების შესაძლებლობაც.
სტაჟირების მსურველი კანდიდატი უნდა იყოს პროექტების მართვით დაინტერესებული პირი, რომელსაც ფლობს საოფისე პროგრამებს და იცის ინგლისური ენა. კანდიდატი, შესაძლოა, იყოს სტუდენტი.
დაინტერესებულ პირს უნდა შეეძლოს კვირის განმავლობაში 8-10 საათის დათმობა ფორუმის საქმიანობაში ჩართვისთვის. საქმიანობის ზუსტი დრო და სამუშაო პერიოდი იქნება მოქნილი და შერჩეულ კანდიდატთან შეთანხმდება ინდივიდუალურად.
შერჩეული კანდიდატი ჩართული იქნება ფორუმის ცენტრალური ოფისის საქმიანობაში.
განაცხადისთვის, სტაჟირების მსურველმა კანდიდატმა, საჭიროა, წარმოადგინოს რეზიუმე და სამოტივაციო წერილი 15 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონული სახით, ელ.ფოსტის მისამართზე: civiceduforum@gmail.com.
კანდიდატთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად და მიღებული განაცხადების განხილვის შემდეგ, შერჩეულ პირებთან გაიმართება ინდივიდუალური გასაუბრება.
შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ სოციალური მეცნიერების სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს.
სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სტაჟირების დამადასტურებელი დოკუმენტი და რეკომენდაცია.
სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს.
სტაჟირების დაწყების პერიოდი - 20 სექტემბერი
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი გისურვებთ წარმატებას!