სამოქალაქო განათლების ქარავანი 2023 - დღე 3
პროექტის „სამოქალაქო განათლების ქარავანი 2023“ მესამე დღე, 9 ოქტომბერი კვლავ ბათუმში გაგრძელდა, სადაც დღე სასტუმრო „გრაფიკაში“ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბრით და ინტერაქტიული შეხვედრით დაიწყო. მონაწილეები თამაშის გზით ცდილობდნენ გაერკვიათ საკუთარი როლები და გაეცნობიერებინათ, ვინ არიან, რა სურთ და რა არის საჭირო ჯანსაღი ფსიქოლოგიური განწყობისთვის.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კი მორიგ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის პირველკურსელებისთვის ლექცია გამართა სამოქალაქო განათლების ექსპერტმა თამარ ქარაიამ თემაზე „რადიკალიზაცია და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია“. პრეზენტაცია მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაზე, დისკრიმინაციაზე, ქსენოფობიასა და რადიკალიზაციის კონკრეტულ მაგალითებს ეხებოდა.
დღე მნიშვნელოვან საკითხზე დისკუსიით დასრულდა. უკრაინიდან მოწვეულმა ექსპერტმა აკსანა მელნიკოვამ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, გაცემულ გრანტებზე, შესაძლებლობებსა და ინტერნაციონალიზაციაზე ისაუბრა საქართველოში მყოფ უკრაინელებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან. სემინარი მიზნად ისახავდა აქტიური ინდივიდების მიერ საგრანტო დაფინანსების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას. პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო საგრანტო დაფინანსების, დაფინანსებული პროექტებისა და პარტნიორობის დაწყებისთვის აუცილებელი ინფორმაცია და არსებული წყაროების მიმოხილვა.
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი (CETF) პროექტს „სამოქალაქო განათლების ქარავანი 2023“ სამოქალაქო განათლების ქსელთან (EENCE) პარტნიორობითა და გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს, გერმანიის სამოქალაქო განათლების ფედერალური სააგენტოს (BpB) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.