სამოქალაქო განათლების ქარავანი 2023 - დღე 2
"სამოქალაქო განათლების ქარავანი 2023" გრძელდება. პროექტს 8 ოქტომბერს რუსთავმა, ბოლნისმა, ბათუმმა და ჩაქვმა უმასპინძლა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის 21-ე აუდიტორიაში სიმულაციური თამაშის „სინოლი“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ფასილიტაცია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაკა ბიბილეიშვილმა გაუწია. "სინოლი" ეხება ისეთ მნიშვენელოვან თემას, როგორიცაა მედიაწიგნიერება და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მედიის გავლენა. მსგავსი შეხვედრა ჩატარდა ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც პედაგოგებს ქალაქ რუსთავის მე-15 საჯარო სკოლამ უმპასპინძლა, პედაგოგებს ფასილიტაცია და სოფიო ბაჩილავამ გაუწია. სიმულაციური თამაშის ძირითადი საკითხები მნიშვნელოვანი გამოწვევაა თანამედროვე ქართული რეალობისთვისაც, რამაც განაპირობა კიდეც მასწავლებლების დაინტერესება და ჩართულობა შეხვედრის მიმდინარეობისას.
8 ოქტომბერი ინფორმაციულად დატვირთული აღმოჩნდა ქალაქ ბოლნისის მე-5 საჯარო სკოლაში შეკრებილი სოფელ რატევანის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვისაც, სადაც სამოქალაქო განათლების ექსპერტებმა მაკა ქემხაძემ და ქეთი მუხიგულმა ახალგაზრდების ჩართულიბის მნიშვნელობაზე და მექანიზმებზე ისაუბრეს. შეხვედრის მიმდინარეობისას ახალგაზრდებმა პროექტიც შეიმუშავეს და ინტელექტუალურ თამაშშიც მიიღეს მონაწილეობა.
კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის მე-20 აუდიტორიაში პედაგოგებთან, სამოქალაქო განათლების ექსპერტის, ნინო გვარამაძის ფასილიტაციით ევროკავშირის 12 რეკომენდაციასა და მათი შესრულების მნიშვნელობასთან დაკავშირებით. გარდა ჯგუფური სამუშაოებისა,მონაწილეები პრეზენტაციის პროცესში აქტიურად ერთვებოდნენ და გაიზიარეს აზრი,რომ რეკომენდაციების შესრულება ქვეყნისთვის დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
დღის კულმინაციამდე, პროექტი „ქარავანი“ პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრშიც იმყოფებოდა, სადაც პროექტის მონაწილეებმა პროფესიული კოლეჯების სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა მიერ ელექტრონული და არაელექტრონული მექანიზმების გაცნობა-გააზრებაზე ისაუბრეს. მიიღეს ცონდა, თუ როგორ უნდა გამოითხოვონ საჯარო ინფორმაცია, როგორ შექმნან პეტიცია თემში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების პრევენცია/გადაჭრისთვის. მოქალაქეთა ჩართულობაზე სამოქალაქო განათლების ქსელის საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა ლელა ჯავახიშვილმა ისაუბრა.
დღე პოზიტიურად და ემოციურად ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაასრულეს. „სამოქალაქო განათლების ქარავანი 2023“ ფარგლებში მე-9 კლასელების ორგანიზებითა და დირექციის ჩართულობით ფილმის „სკაი“ ჩვენება გაიმართა, რომელიც თანასწორუფლებიანობას, ჰუმანურობასა და შშმ პირთა უფლებებს ეხება. სკოლის კედლებში თავი მოიყარეს როგორც მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა, ასევე მშობლებმა. დღესდღეობით ქვეყნისთვის შშმ პირების სოციალიზაციის საკითხი გამოწვევაა, შესაბამისად, აღნიშნულ თემებზე მოქალაქეთა ცნობიერების ამაღელება დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვანია. ჩვენება დისკუსიით დასრულდა რა დროსაც, დამსწრეებმა ფილმის მთავარ საკითხზე-შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი (CETF) პროექტს „სამოქალაქო განათლების ქარავანი 2023“ სამოქალაქო განათლების ქსელთან (EENCE) პარტნიორობითა და გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს, გერმანიის სამოქალაქო განათლების ფედერალური სააგენტოს (BpB) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.