სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა მასწავლებლებისთვის
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში იწყება სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა. ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ პროგრამაში ჩართული სკოლების მასწავლებლებს.
პედაგოგებმა სკოლის ფარგლებში უნდა შექმნან გუნდები, რომლებიც ჩაერთვებიან სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისათვის ორგანიზებულ კონკურსში. გუნდის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ერთი სამოქალაქო განათლების და ორი საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფის, ქართულის, უცხო ენების ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მასწავლებლები. ამასთანავე, პედაგოგი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი გუნდის წევრი.
მონაწილეობისთვის მასწავლებლები 1 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით უნდა დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე https://civicscontest.ge/ შემდეგ კი გაიარონ რეგისტრაცია მიმდინარე ოლიმპიადაზე და შექმნან გუნდები. დეტალური ინფორმაცია ოლიმპიადის ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით (პორტალზე რეგისტრაცია, ოლიმპიადაზე რეგისტრაცია, გუნდების შექმნა-გაწევრიანება), შეგიძლიათ, იხილოთ ვიდეო ინსტრუქციების სახით მოცემულ ბმულზე: https://civicscontest.ge/faq
ოლიმპიადა 3 ეტაპისგან შედგება.
პირველ ეტაპზე გუნდები გაეცნობიან პორტალზე ატვირთულ საკითხავ მასალას, რომლის საფუძველზეც მოემზადებიან ოლიმპიადისთვის. ოლიმპიადის აღნიშნული ეტაპი შედგება დახურული ტიპის 40 შეკითხვისგან, რომლებსაც დარეგისტრირებული პედაგოგები პასუხებს სცემენ ინდივიდუალურად. ეტაპის დასრულების შემდეგ, გუნდის ქულის მისაღებად ხდება მათ მიერ მიღებული ქულების დაჯამება. ოლიმპიადის მეორე ეტაპში მონაწილეობისთვის შეირჩევიან ის გუნდები, რომლებმაც მისი რეგიონის სხვა გუნდებთან შედარებით უკეთესი ჯამური ქულის დაგროვება შეძლეს.
მონაწილეებისთვის ეტაპის პირველადი შედეგები (მიღებული ქულები) ცნობილი გახდება 11 აგვისტოს, 13 აგვისტომდე კი საშუალება ექნებათ, მოითხოვონ აპელაცია. აპელაციის შედეგები, ისევე როგორც მეორე ეტაპზე გადასული გუნდების შესახებ ინფორმაცია, ცნობილი გახდება სექტემბრის თვეში.
მეორე ეტაპზე გადასული გუნდებისთვის ჩატარდება ტრენინგები პროექტების დაგეგმვა-მართვასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, გუნდები განახორციელებენ სასკოლო ან სათემო საჭიროებებზე მორგებულ პროექტებს.
მესამე ეტაპზე თითოეული რეგიონიდან შეირჩევა ერთი გუნდი (ამგვარად, ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს 11 გუნდი). აღნიშნული გუნდებისთვის ოლიმპიადის დასკვნითი, 3-დღიანი ეტაპი გაიმართება ფიზიკურ სივრცეში. მონაწილეებს ადგილზე მიეცემათ დავალებები, რომელთა საფუძველზეც გამოვლინდებიან I, II და III ადგილის მფლობელები. გამარჯვებული გუნდების წევრებს ინდივიდუალურად, ადგილების შესაბამისად, გადაეცემათ პრიზები ტექნიკის სახით.
ყველა მონაწილე პედაგოგს გადაეცემა ოლიმპიადაში ჩართულობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი გისურვებთ წარმატებას!