გამგეობის წევრთა შესარჩევი კონკურსი
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი აცხადებს გამგეობის წევრთა შესარჩევ კონკურსს. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფორუმის სრულუფლებიან წევრებს.
ფორუმის საქმიანობის სტრატეგიული ხელმძღვანელობის მიზნით ფორუმის წევრებისგან იქმნება ფორუმის გამგეობა. გამგეობა შედგება 7 წევრისგან. გამგეობის წევრებს ირჩევს საერთო კრება, ფარული კენჭისყრით, 3 წლის ვადით. გამგეობის წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
ფორუმის გამგეობა არის ფორუმის ერთ-ერთი უმთავრესი ორგანო, რომლის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
• ფორუმის საერთო კრების მოწვევა;
• ფორუმის ხელშეწყობა, მისი მიზნების, საქმიანობის, პროდუქციისა თუ მომსახურების შესახებ ინფორმაციის ფართო გავრცელება;
• საერთო კრებისთვის შესაბამისი ანგარიშების წარდგენა;
• ფორუმის წლიური სტრატეგიისა და ბიუჯეტის შედგენა;
• აღმასრულებელი, ტექნიკური და ფინანსური სტრუქტურების საქმიანობის მონიტორინგი და მისი შედეგების შესაბამისობის დადგენა ფორუმის მიზნებთან;
• ფორუმის საქმიანობის გამჭვირვალეობის ხელშეწყობა;
• ფორუმის შინაგანაწესის დამტკიცება;
• ფორუმის საქმიანობისთვის საჭირო რესურსებისა და დაფინანსების წყაროების მოძიება;
• ფორუმის რეგიონალური საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევა და დასამტკიცებლად წევრთა საერთო კრებისთვის წარდგენა.
გადაწყვეტილების მიღებისას გამგეობის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. გამგეობის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება გამგეობის წევრთა უმრავლესობით. გამგეობის სხდომის მუშაობას ხელმძღვანელობს გამგეობის თავმჯდომარე.
კონკურსის პირობები:
• ფორუმის გამგეობის შერჩევა ხდება კონკურსის წესით საერთო კრების მიერ ორი წლის ვადით;
• რეგიონში მცხოვრებ ფორუმის ნებისმიერ წევრს უფლება აქვს განაცხადი ელექტრონული სახით წარუდგინოს ფორუმის ცენტრალურ ოფისს მისამართზე info@ctf.org.ge;
• ფორუმის გამგეობის წევრობის მსურველი ფორუმის ცენტრალურ ოფისს წარუდგენს შევსებულ განაცხადს ფოტო სურათით (განაცხადის ფორმა იხილეთ თანდართული ფაილის სახით). განაცხადს თან უნდა ერთვოდეს CV, სამოტივაციო წერილი და 15 რეკომენდაცია (რეკომენდაცია გაცემული უნდა იყოს 5 სხვადასხვა რეგიონალურ ერთეულს მიკუთვნებული მინიმუმ 15 წევრის მიერ). განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2020 წლის 26 სექტემბერი;
• გადაწყვეტილების მიღებისას ფორუმი ითვალისწინებს შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს: განცხადების შევსების ხარისხს, საზოგადოებრივი მუშაობის მოტივაციას, პროფესიულ გამოცდილებას;
• ცენტრალური ოფისის გუნდი შერჩეულ კანდიდატებს წარუდგენს ფორუმის საერთო კრებას, რომელიც აირჩევს/დაამტკიცებს კანდიდატებს.
მოგიწოდებთ აქტიურობისაკენ და გისურვებთ წარმატებებს!