თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობა: განათლება და შეზღუდული შესაძლებლობა

2014 წლის 4-10 მაისს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში ტარდება  საერთაშორისო კვირეული, რომლის მიზანია ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელება,  ცნობიერების ამაღლება და ყურადღების გამახვილება იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები დგანან  განათლების უფლების რეალიზებისას.
საქართველოში კვირეულის ორგანიზატორია საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია       ”განათლება ყველასათვის - საქართველო ”.  
შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირთა უფლებების შესახებ 2006 წლის გაეროს კონვენციით, რომელიც უკვე რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ, ინკლუზიური განათლება აღიარებულია როგორც განათლების უფლების მიღების მთავარი მექანიზმი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთათვის. ინკლუზიური განათლების სისტემა გულისხმობს ყველა ბავშვის ერთად სწავლას ჩვეულებრივ საკლასო ოთახში, განურჩევლად მათი  განსხვავებული შესაძლებლობებისა მაშინ, როდესაც სწავლების მეთოდები, მასალები და გარემო პასუხობს ყველა ბიჭის და გოგოს საჭიროებებს. 
საქართველოში ინკლუზიური განათლების პროგრამა უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების სამმართველოს შემუშავებულია აქვს საკმაოდ ფუნდამენტური და მრავლისმომცველი 2014-2016 წლების ინკლუზიური განათლების განვითარების გეგმა. 
ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვა და გაუმჯობესება როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში გამუდმებულ ყურადღებას და ძალისხმევას საჭიროებს. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას და სახელმწიფოს ინკლუზიური განათლების მნიშვნელობის შესახებ.

  • 18e45107-5b48-48c3-a6ae-cc675d5fb420.jpg