სამოქალაქო განათლების ხელშემწყობი პროგრამა "მომავლის თაობა"

სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ. პროგრამა სამ წელს გრძელდება და მასში ჩართულია 480 სკოლა და 13 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მასშტაბით. პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის როლი არის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიული ასოციაციის სტაბილური ორგანიზაციული განვითარების უზრუნველყოფა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა პროფესიული ზრდის ხელშემწყობი სერვისების მიწოდება და საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან პოლიტიკის დიალოგის წარმოება. 

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი პროგრამაში ჩართულ პედაგოგებს სთავაზობს ისეთ მომსახურებებს, როგორებიცაა - რეგიონალური სამოდელო გაკვეთილები, რეგიონალური მრგვალი მაგიდები, კრიტიკული მეგობრის/პროფესიული გაზიარების ჯგუფების შეხვედრებს, პროფესიული განვითარების ტრენინგებს. აქვეყნებს ნახევარწლედის შემაჯამებელ ბიულეტენებს. კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან თანამშრომლობით ატარებს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ყოველწლიურ ეროვნულ კონფერენცია-გამოფენას.   

პროგრამა „მომავლის თაობა“ ხელს უწყობს სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაძლიერებას სკოლებში და მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. სკოლებმა მიიღეს დამხმარე სახელმძღვანელოები, იგეგმება პედაგოგთა გადამზადება, მხარდაჭერა სასკოლო სამოქალაქო კლუბების შექმნისათვის, მოსწავლეთა ხელშეწყობა სკოლისა და საზოგადოების სასარგებლოდ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში და სხვა საქმიანობა სამოქალაქო განათლების გაძლიერების მიზნით.

პროგრამის ფარგლებში ფორუმმა უკვე განახორციელა მრავალი ღონისძიება, რომლის მიზანიც სამოქალაქო განათლების საგნისა და სწავლების ხელშეწყობა და გაძლიერება იყო.

მიმდინარე 2015 - 2016 სასწავლო წლის განმავლობაში ფორუმის ძირითადი ამოცანებია:

  • 22 სამოდელო გაკვეთილის ჩატარების ხელშეწყობა;
  • 11 რეგიონალური მრგვალი მაგიდის ორგანიზება;
  • 22 კრიტიკული მეგობრის/პროფესიული გაზიარების ჯგუფის შეხვედრა;
  • პროფესიული განვითარების ტრენინგები;
  • 2 ნახევარწლედის შემაჯამებელი ბიულეტენის გამოცემა;
  • სადისკუსიო თემატური შეხვედრების ორგანიზება რეგიონებში.

 

  • 1d071d95-ae61-43bb-b08c-ec4cc30be456.jpg