სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია 2016

  • 775cc612-8375-4c4d-8757-5777c9209bbd.jpg
  • a90aa8fa-a4aa-4c6a-aae2-74f9859306b0.jpg
  • cce7f39a-6617-4bc6-a098-6d556f43267c.jpg
  • eb7f3f26-0e49-4508-a394-a8ee029be593.jpg

2016 წლის 28 მაისს, თბილისში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქ-ნი ლია გიგაური, სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი ქ-ნი მარინა უშვერიძე და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ქ-ნი ნინო ბუაჩიძე. 
კონფერენციის სტუმრებმა დაათვალიერეს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ხელშეწყობით განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტოგამოფენა. 
ფორუმის მონაწილე, საქართველოს ყველა რეგიონის 400 პედაგოგი სამოქალაქო განათლების სფეროს სიახლეებსა და ინოვაციებს გაეცნო. მათ ასევე, მიიღეს ინფორმაცია მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის და მათთვის საინტერესო სხვა რესურსების შესახებ. 
კონფერენციის დასასრულს სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალის მსვლელობისას სამოქალაქო განათლების პედაგოგებს გადაეცათ ფორუმის მიერ დაწესებული საპატიო ჯილდო - მადლობის სიგელი და „სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის” პრიზი. 
კონფერენცია-გამოფენა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გაიმართა. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).