ონლაინ სასწავლო კურსები

  • a64f374a-7b6f-49ea-9a87-36da9ecc5cee.jpeg

პლატფორმაზე განთავსებულია ვიდეო-აუდიო სემინარები, დავალებები, ტესტები თვითშეფასებისათვის და სხვა სასწავლო რესურსები. სისტემა საშუალებას იძლევა, მასწავლებლებმა კონსულტაცია გაიარონ ინტერნეტ–ფორუმის საშუალებით. პლატფორმის ღირსებაა ისიც, რომ სასწავლო რესურსების ათვისება მომხმარებელს შეეძლება მის მიერვე არჩეული უნიკალური გრაფიკით. ასევე სასურველი გრაფიკით მოხდება უკუკავშირი.

პლატფორმა იმუშავებს მუდმივად განახლებად რეჟიმში. მასალის მომზადებისას გათვალისწინებული იქნება განათლების სფეროში მომხდარი ცვლილებები და სიახლეები.

მიმდინარე ეტაპზე სისტემაში, ვიდეო სემინარებისა და წერილობითი სახით, ატვირთულია სამი თემატური კურსი:

1. მდგრადი განვითარების ეროვნული მიზნები

ავტორი: გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, განათლების და მეცნიერების ლექტორი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ-კონსულტანტი მაია ბლიაძე.

2. კულტურა და რელიგია

ავტორი: რელიგიის მეცნიერებათა პროფესორი, ფილოსოფოსი, რელიგიათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნე ზაზა ფირალიშვილი.

3. სამოქალაქო განათლების მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი

ავტორი: სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ნინო ჭიაბრიშვილი.

ელექტრონული სასწავლო პლატფორმა შექმნილია განათლების საკითხებზე მომუშავე ასოციაციებისათვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.

ელექტრონული სასწავლო სისტემის მისამართია: http://cetfonline.com

სისტემით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წევრ პედაგოგებს. ფორუმი არის პროფესიული ასოციაცია, რომელიც ზრუნავს აღნიშნული საგნის მასწავლებლების პროფესიული ზრდის ხელშეწყობაზე. დღეის მონაცემებით ორგანიზაცია, სხვადასხვა მიმართულებით, მომსახურებას უწევს 1500-მდე წევრს. ფორუმის ერთ–ერთი ძირითადი ამოცანაა პედაგოგებისათვის ინოვაციური და ხელმისაწვდომი სერვისების შეთავაზება.

იმისათვის, რომ პედაგოგი გახდეს სამოქალაქო განათლების ფორუმის წევრი, უნდა შეავსოს შემდეგი აპლიკაცია: http://ctf.org.ge/Member